пятница, 22 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილი (ბიოგრაფია. ნაწ 1)

                                                         წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი...



   ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო “კორდონის უფროსად” იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:” ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია”. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.
მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.
ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.
1887 – 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში.
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა “ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა”. 
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ “ვეფხისტყაოსნის” ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები.
1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
1894-1904 წლებში  ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. პროფესორი მიხაკო წერეთელი წერდა: «ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც.
1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო).პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

წყარო: http://burusi.wordpress.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий