четверг, 28 февраля 2013 г.

ექვთიმეს თაყაიშვილის პირადი წერილები (3)

 ძმაო ნიკო!
  პარიზი,
  10.06.1928
  პირველად გულითადი მოკითხვა შენს მეუღლეს და შენ ჩვენ ორთავეთაგან. წავიკითხეთ ტფილისის გაზეთში თქვენი იქ ყოფნის ამბავი. ეხლა ჩემი თხოვნაა: უთუოდ დამიბრუნოთ ყველა ჩემი სტატიები და მათი სურათები, რომელნიც ამდენი წელია თქვენთან არი და საკმაოდაც დამძაღდნენ. ზოგი მასალები უკვე გამოაქვეყნეს სხვებმა ტფილისში და ეს ბედი მოელის სხვებსაც. შრომა იმისთვის მივიღე, რომ პრიორიტეტი გამოქვეყნებისა მაინც შემრჩენოდა. თუ სტატიები ტფილისშია გაგზავნილი, გთხოვ საჩქაროდ გამოითხოვო უკან და დამიბრუნო.

როდესაც შენი სტატია იყო აქ უშედეგოდ დარჩენილი, თუმცა ეს მე პირადად არ მეხებოდა, მაგრამ შენის თხოვნით მივიღე ყველა ზომები და გამოგიგზავნე, ხოლო ჩემი სტატიები პირადად შენ მოგაწოდე და რაკი დაბეჭდვა არ ეღირსა,რასაკვირველია, გარემოებათა მიხედვით, ამას შენ კი ვერ გისაყვედურებ ვერას გზით, მხოლოდ უფლებას ნუ წამართმევ რომ უკან დავიბრუნო და განმეორებით გთხოვ მომაწოდო გრაფენის მისამართით. ამას გარდა , ალექსანდრა ალექსეევნას ვთხოვე, როგორც იცი, წიგნების მოწოდება. მისი„აკურატნობა“ მე კარგად ვიცი და არა ერთხელ ვყოფილვარ მათგან დავალებული, მაგრამ ეხლა, როგორც ეტყობა, არც ეს ხერხდება. რა გაეწყობა, ბედი უბედო ჩემზედა არ ახალია, ძველია! შენთან შემდეგი სტატიებია: 1)ვანის ეკლესიის სიძველეთა აღწერა, 2) სოფელ ჩანგლის ეკლესიის აღწერა და ფრაგმენტი ერთი ქართული ხელნაწერისა, ამსვე აქვს დართული შენიშვნა, 3) პიტარეთის მონასტერი და მისი წარწერიანი, 4) ორი ეკლესია სოფელ ტანძიაში, 5) მდებარეობა სოფლისა და მონასტრისა თევდორწმიდისა,6) ციხე და ეკლესია სოფ. ქვეშში, გზავნილი ქონთან შენთან ვერცხლის დოქი მეფე გიორგი III; ამას გარდა დიდი ხანია გამოგზავნილი მქონდა შენთან სომხური წარწერაბის ფოტოგრაფიკული სურათები სასაფლაოს ქვებისა ჩანგლში და ეკლესიისა ფანასკერტში. როგორმე მინახე და დამიბრუნე, ადრეთვე ფოტოგრაფიულად გადაღებული მთელი კარის გარიგების ტექსტი. იყავით კარგათ და ბედნიერათ! და ნუ დაგვივიწყებთ.
  ე.თაყაიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий