пятница, 22 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილი (ბიოგრაფია. ნაწ 3)


     ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.
საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული “ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი”-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica” (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.
გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.
ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: «თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.»
განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.
ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა “ქართული ოფისი”. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.
1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით “ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ”. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას სახელად “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი” უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლ – მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. “ექვთიმე ღვთისკაცის” ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.


წყარო: http://burusi.wordpress.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий